თბილისი (ინგ.: Tbilisi, თურქ,/გერმ.: Tiflis) საქართველოს დედაქალაქია; მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ლეგენდის თანახმად, სანადიროდ გამოსულმა მეფემ ცაში აუშვა შევარდენი, რომელიც ხოხობს დააცხრა. მეფე და მისი ამალა უმალ დაედევნა ფრინველს და ბოლოს მიადგა ადგილს, სადაც მიწიდან ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდიოდა. ორივე ფრინველი ცხელ წყალში იყო ჩაფუფქული. ამ აღმოჩენით გაკვირვებულმა და გეოგრაფიული მდგომარეობით მოხიბლულმა მეფემ ბრძანა ამ ადგილზე დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც ცხელი წყლის გამო "თბილისი" ეწოდა. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

რეგიონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელყო, რომ თანამედროვე თბილისის ტერიტორია ადამიანთა მიერ დასახლებული ყოფილა ძვ.წ მე-4 ათასწლეულიდან. აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება ძველ ხელნაწერებში მე-4 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდის - მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობის პერიოდში აქ ციხე-სიმაგრე აშენებულა. მე-4 საუკუნის ბოლოს სიმაგრე სპარსელებს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი მას ისევ ქართლის მეფე იგდებს ხელთ მე-5 საუკუნის შუა რიცხვებში. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

მეფე დაჩი I უჯარმელს (მე-6 საუკუნის დასაწყისი), რომელიც ტახტზე ვახტანგ გორგასლის შემდეგ ავიდა, იბერიის დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადააქვს მამის ანდერძის აღსასრულში მოყვანის მიზნით. მისი მეფობის პერიოდში დასრულდა მშენებლობა ქალაქის ციხე-სიმაგრესა და გალავანზე, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო. ამ დროიდან თბილისი სწრაფად იწყებს ზრდას რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელმაც ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო და სამოგზავრო გზიაჯვარედინზე მოაქცია ევროპასა და აზიას შორის.